Last modified: 7.10.2022
Uber-ის საყოველთაო წესები
ევროპა და საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკა
ჩვენი საყოველთაო წესები ხელს უწყობს პოზიტიური და უსაფრთხო გამოცდილების მიღებას. ეს წესები ეხება ყველას, ვინც იყენებს Uber-ის პლატფორმას („Uber Marketplace პლატფორმა“), მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ მძღოლებს, მგზავრებს, კურიერებს, Uber Eats-ის მომხმარებლებს, სავაჭრო ობიექტებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს. ეს ასევე მოიცავს თქვენს შესაძლო ურთიერთობას Uber-ის თანამშრომლებთან და კონტრაქტორებთან, მათ შორის პარტნიორ მძღოლთა მხარდაჭერის ცენტრთან, ჩვენი მხარდაჭერის სისტემების ან ტელეფონის მეშვეობით.[1] და ზოგ შემთხვევაში, ჩვენი საყოველთაო წესები ვრცელდება ქმედებებზე Uber Marketplace პლატფორმის მიღმა, რის შესახებაც ჩვენთვის ცნობილი ხდება, მათ შორის მაგრამ არა მხოლოდ სხვა პლატფორმებიდან, როცა ასეთმა ქმედებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას Uber Marketplace პლატფორმას.
გმადლობთ, რომ შემოგვიერთდით და საკუთარი წვლილი შეიტანეთ მეგობრული ატმოსფეროს განმტკიცებაში.
ქვემოთ მოცემული საყოველთაო წესები განმარტავს Uber Marketplace პლატფორმაზე საზოგადოების ჩართულობის ზოგიერთ პოზიტიურ ასპექტს, ასევე ისეთ ქმედებებსა და გარემოებებს, რის გამოც შეიძლება Uber Marketplace პლატფორმაზე წვდომა დაკარგოთ. ყოველთვის იარსებებს ისეთი გაუთვალისწინებელი მოვლენები, რის გამოც შეიძლება დაკარგოთ წვდომა Uber Marketplace პლატფორმასა და მომსახურებებზე, თუმცა ქვემოთ მოცემული საყოველთაო წესები, რომლებსაც რეგულარულად ვანახლებთ, განსაზღვრავს იმ ყოფაქცევას, რასაც Uber-ის საზოგადოების ყველა წევრისგან მოველით. ამ საყოველთაო წესებიდან რომელიმეს გაუთვალისწინებლობა შეიძლება წარმოადგენდეს Uber-თან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების მნიშვნელოვან დარღვევას და გამოიწვიოს Uber Marketplace პლატფორმაზე წვდომის ნაწილობრივი ან სრული შეზღუდვა.
გთხოვთ, გაეცნოთ.
საყოველთაო წესები
ყველა, ვინც Uber-ზე რეგისტრაციას გაივლის, ვალდებულია დაიცვას Uber-ის საყოველთაო წესები. ისინი ასახავს შემდეგ 3 ძირითად პრინციპსა და სტანდარტს ყოველ მოცემულ განყოფილებაში.
მოეპყარით ყველას პატივისცემით
ჩვენი საზოგადოება მრავალფეროვანია და დიდი ალბათობით, შეხვდებით ისეთ ადამიანებს, ვინც განსხვავდება თქვენგან ან არ იზიარებს თქვენს შეხედულებებს. ამ განყოფილების საყოველთაო წესები ხელს უწყობს პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბებას ნებისმიერ გარემოში.
იზრუნეთ ერთმანეთის უსაფრთხოებაზე
ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა ყველასთვის უსაფრთხო გარემო შევქმნათ. თქვენი უსაფრთხოება მოტივაციას გვმატებს. სწორედ ამიტომ განისაზღვრა აღნიშნული სტანდარტები. Uber-ის ამ საყოველთაო წესების გარდა, ქვემოთ შეგიძლიათ Uber Eats-ის დამატებით სტანდარტებს გაეცნოთ, სათაურით: „დამატებითი საყოველთაო წესები Uber Eats-ის სავაჭრო ობიექტებისა და კურიერებისთვის“.
დაიცავით კანონი
ჩვენ ვცდილობთ დავიცვათ ყველა შესაბამისი კანონი, მოვიპოვოთ თქვენი ნდობა და მოველით, რომ Uber Marketplace პლატფორმის ყველა მომხმარებელი გაითვალისწინებს შესაბამის კანონებსა და ნორმებს, ისევე როგორც აეროპორტის წესებსა და ნორმებს, სადაც ეს გამოიყენება.
თქვენი გამოხმაურება მნიშვნელოვანია
თუ რაღაც შეგემთხვევათ — კარგი ან ცუდი, შეგეძლებათ მოგვმართოთ პირდაპირ, აპლიკაცის საშუალებით ან Uber-ის მხარდაჭერის გუნდთან დაკავშირების მეშვეობით. ჩვენი გუნდი გამუდმებით აუმჯობესებს ჩვენს სტანდარტებსა და პოლიტიკას. თქვენი გამოხმაურებაც მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, რათა ჩვენი ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, არ მოხდეს სტანდარტების მოძველება.
მოეპყარით ყველას პატივისცემით
Uber-ის საზოგადოებაში ყველას მოექეცით ისე, როგორც გინდათ, რომ თავად მოგექცნენ — პატივისცემით. Uber Marketplace პლატფორმით სარგებლობისას, თქვენს ქმედებებს, შესაძლოა, დიდი გავლენა ჰქონდეს სხვების უსაფრთხოებასა და კომფორტზე. თავაზიანობა მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, მოგეთხოვებათ Uber Marketplace პლატფორმის გამოყენებისას და Uber-ის საზოგადოებაში სხვა ადამიანებს მოეპყროთ ღირსეულად და შეინარჩუნოთ საღი აზრი — ისევე, როგორც მოიქცეოდით ნებისმიერ საჯარო ადგილას.
მაგალითად, ყოველთვის ეცადეთ მგზავრობისთვის დროულად მიხვიდეთ ან არ დააგვიანოთ შეკვეთის აღება. ზრდილობის ფარგლებს სცდება: ყვირილი, ლანძღვა ან კარის მიჯახუნება. ხოლო დასუფთავების შემდეგ — იქნება ეს საკუთარი ნაგვის შინ წაღება თუ დაღვრილი სასმლის გაწმენდა — მგზავრობა ყველასთვის სასიამოვნო იქნება. რაც მთავარია, გახსოვდეთ, როცა Uber-ის ფარგლებში სხვა ადამიანებთან გაქვთ ურთიერთობა, შეიძლება ისეთ ადამიანებს შეხვდეთ, ვინც თქვენგან განსხვავებულად გამოიყურება ან განსხვავებულად აზროვნებს. გთხოვთ, პატივი სცეთ აღნიშნულ განსხვავებებს. ჩვენ ვთვლით, რომ Uber-ის საზოგადოებაში თითოეული ადამიანი სხვებთან ურთიერთობისას თავს უნდა გრძნობდეს დაცულად და კომფორტულად. სწორედ ამიტომ ჩამოვაყალიბეთ სტანდარტები და წესები, რომლებიც უკავშირდება: ფიზიკურ კონტაქტს, სექსუალურ ძალადობასა და არასათანადო ქმედებას, მუქარასა და უხეშ საქციელს, კონტაქტს მგზავრობის დასრულების შემდეგ, დისკრიმინაციას და ქონების დაზიანებას.
ფიზიკური კონტაქტი
არ შეეხოთ უცხოს ან ნებისმიერ ადამიანს, რომელთანაც Uber Marketplace პლატფორმის მეშვეობით მოგიწიათ ურთიერთობა. მცირე გამონაკლისები დაშვებულია იმ ადამიანებისთვის, ვისაც სჭირდება ან ითხოვს ფიზიკურ დახმარებას (მაგალითად, მგზავრები, რომლებიც სარგებლობენ Uber Assist-ით და ესაჭიროებათ დახმარება ავტომობილში ჩასაჯდომად და გადმოსასვლელად) ან მაშინ, როცა მინიმალური ფიზიკური კონტაქტის არიდება შეუძლებელია (მაგალითად, Uber Moto-თი მგზავრობისას). დაუშვებელია ვინმეს დაზიანება ან ზიანის მიყენების განზრახვა.
სექსუალური ძალადობა და არასათანადო ქმედება
ყველა ვაფასებთ ჩვენს პირად სივრცეს. სხვა ადამიანებთან საუბარი დაშვებულია. თუმცა, არ შეაფასოთ ვინმეს გარეგნობა და არც ის ჰკითხოთ პარტნიორი ჰყავს თუ არა. სექსუალური ძალადობა და ნებისმიერი სახის არასათანადო სექსუალური ქმედება აკრძალულია. სექსუალურ ძალადობად და არასათანადო ქმედებად ითვლება ისეთი სექსუალური სახის კონტაქტი ან ქმედება, რაზეც მეორე ადამიანს მკაფიო თანხმობა არ განუცხადებია.
ადამიანის პირად სივრცეს პატივი უნდა ვცეთ. შემდეგი ჩამონათვალში მოცემულია არასათანადო ქცევის მაგალითები, თუმცა ის არ არის სრული.
- არ დასვათ პირადი ხასიათის შეკითხვები (მაგალითად, ოჯახური სტატუსის ან სექსუალური ორიენტაციის შესახებ)
- არ გამოთქვათ აზრი ადამიანის გარეგნობაზე (მაგალითად, დამაკნინებელი შენიშვნა ან კომპლიმენტი)
- მოერიდეთ მკვეთრ გამონათქვამებს ან ჟესტებს (მაგალითად, შეურაცხმყოფელი ან რაიმეს აღმნიშვნელი ნიშანი)
- მოერიდეთ ფლირტს (მაგალითად, უსიტყვო, მაცდუნებელი ფლირტი, ან ფიზიკური სიახლოვე)
- არ აჩვენოთ უხამსი მასალა (მაგალითად, სექსუალური ხასიათის ნივთები ან სურათები)
- Uber-ს გააჩნია სექსთან დაკავშირებული აკრძალვა, იმის მიუხედავად, იცნობთ თუ არა პიროვნებას ან თანხმობა მოგცათ თუ არა
მუქარის შემცველი და თავხედური ქცევა
აგრესიული, კონფრონტაციული ან შემაწუხებელი ქცევა დაუშვებელია. მოერიდეთ ისეთ საუბარს, ჟესტებს ან ქმედებას, რაც შეიძლება იყოს უპატივცემულო, მუქარის შემცველი ან არასათანადო. მაგალითად, არ გაუზიაროთ გრაფიკული გამოსახულებები (ისეთი როგორიცაა, სექსუალური ხასიათის ან ძალადობის შემცველი) სხვებს Uber-ში; ეს ეხება მსგავსი სურათების არასასურველ გაზიარებას Uber-ის მხარდამჭერი ონლაინ სისტემებით ან Uber Marketplace პლატფორმით სარგებლობის ფარგლებში. ასევე, კარგი იქნება თუ მოერიდებით პირად თემებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უთანხმოება, მაგალითად, რელიგია ან პოლიტიკური შეხედულებები.
კონტაქტი მგზავრობის შემდგომ
კონტაქტი უნდა დასრულდეს, როცა მგზავრობა ან მიტანა დასრულებულია, თუ საქმე არ ეხება დაკარგული პროდუქტის დაბრუნებას. არასასურველი კონტაქტი შეიძლება შევიწროებად იქნეს მიღებული, მაგალითად, შეტყობინების გაგზავნა, დარეკვა, დაკავშირება სოციალური მედიით, სტუმრობა, ან ვინმესთან სტუმრობის მცდელობა, მგზავრობის ან მიტანის დასრულების შემდეგ. არ გააზიაროთ ნებისმიერი სახის არასაჭირო საკონტაქტო ინფორმაცია.
დისკრიმინაცია
თავს ყოველთვის უნდა გრძნობდეთ დაცულად და კომფორტულად. სწორედ ამიტომ, არ ვუშვებთ დისკრიმინაციულ ქმედებას ან ქცევას, მათ შორის Uber-ის მხარდაჭერის გუნდთან ან პარტნიორ მძღოლთა მხარდაჭერის ცენტრთან მიმართებაში. მოერიდეთ დისკრიმინაციას ვინმეს მიმართ გარკვეული ნიშნით, ისეთი როგორიცაა: ასაკი, ფერი, უნარშეზღუდულობა, გენდერული იდენტობა, ოჯახური ან სამოქალაქო პარტნიორული სტატუსი, ორსულობა ან დედობა, ეროვნული წარმომავლობა, გარეგნობა, რასა, რელიგია ან რწმენა, პოლიტიკური შეხედულებები, სქესი, სექსუალური ორიენტაცია ან სხვა ნებისმიერი სახის დამახასიათებელი ნიშანი, რაც დაცულია შესაბამისი კანონით.
მაგალითად, მიუღებელია:
- უარი უთხრათ მომსახურებაზე ასაკის, კანის ფერის, უნარშეზღუდულობის, გენდერული იდენტობის, ოჯახური ან სამოქალაქო პარტნიორული სტატუსის, ორსულობის ან დედობის, ეროვნული წარმომავლობის, გარეგნობის, რასის, რელიგიის ან რწმენის, პოლიტიკური შეხედულებების, სქესის, სექსუალური ორიენტაციის ან სხვა ნებისმიერი სახის დამახასიათებელი ნიშნის გამო, რაც დაცულია შესაბამისი კანონით. მოქმედი კანონმდებლობა ცალკეული იურისდიქციის ფარგლებში მოითხოვს და/ან უშვებს მომსახურებების მიწოდებას ადამიანთა გარკვეული კატეგორიის სასარგებლოდ. ასეთ იურისდიქციებში, დაშვებული მომსახურებები, რაც მოთხოვნილია მოქმედი კანონმდებლობით და რაც შეესაბამება გარკვეულ პირობებს, ნებადართულია წინამდებარე საყოველთაო წესებით.
- შეაფასოთ სხვა მომხმარებელი — მძღოლი, მგზავრი, კურიერი, Uber Eats-ის მომხმარებელი, სავაჭრო ობიექტი, რესტორანი თუ ბიზნესი — ამ მახასიათებლების მიხედვით.
- დისკრიმინაცია მგზავრის დანიშნულების ადგილის ან Uber Eats-ის მომხმარებლის მიტანის ადგილის გამო. გვესმის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, რომ მართვა ან მიტანა იყოს თქვენთვის მოსახერხებელი და არა პირიქით. ამ წესების დარღვევად არ ჩაითვლება, თუ უარს იტყვით მგზავრობაზე ან მიტანაზე იმ მიზეზით, რომ ეს არ გაწყობთ. მოთხოვნების განგებ უარყოფა ან გაუქმება, ან Uber Marketplace პლატფორმაზე ფუნქციების გამოყენება მგზავრობის ან მიტანის მოთხოვნის თავიდან ასაცილებლად, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ არ მოხვდეთ კონკრეტულ რაიონში, იქ მყოფი ადამიანებისა და იქ მდებარე ბიზნესების გამო, დაუშვებელია.
Uber-ის არადისკრიმინაციულ პოლიტიკას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.
ჩვენ ასევე გვინდა ხელი შევუწყოთ სატრანსპორტო საშუალებებისა და მომსახურებების ვარიანტების ზრდას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. სწორედ ამიტომ, მძღოლებს, მგზავრებსა და Uber Eats-ის მომხმარებლებს შეუძლიათ გაეცნონ ამ საკითხთან დაკავშირებულ ინფორმაციას. გადადით აქ რათა ვრცლად გაეცნოთ Uber-ის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულ ვალდებულებას. იმ მძღოლებმა, რომლებიც Uber Marketplace პლატფორმას იყენებენ, უნდა გაითვალისწინონ შესაბამისი კანონები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მგზავრების გადაყვანასთან დაკავშირებით, მათ შორის მომსახურე ცხოველებისა და დამხმარე მოწყობილობების ტრანსპორტირებისთვის (მაგალითად, ინვალიდის სავარძელი).
ქონების დაზიანება
ქონების დაზიანება დაუშვებელია. ზოგიერთი მაგალითი ეხება Uber Marketplace პლატფორმით მოთხოვნილი ავტომობილის ან სხვა სატრანსპორტო საშუალების დაზიანებას, ტელეფონის ან პლანშეტის გატეხვას, საჭმლის ან სასმლის განზრახ დაღვრას, ავტომობილში მოწევას, სავაჭრო ობიექტის დაზიანებას, ან პირღებინებას ალკოჰოლის გადაჭარბებული რაოდენობით მოხმარების გამო და სხვა. ქონების დაზიანების შემთხვევაში, თქვენ იქნებით პასუხისმგებელი დასუფთავებისა და შეკეთების ხარჯების ანაზღაურებაზე, რაშიც არ იგულისხმება ჩვეულებრივი ცვეთა.
იზრუნეთ ერთმანეთის უსაფრთხოებაზე
ყველას თავისი წვლილი უნდა შეჰქონდეს უსაფრთხო გარემოს შექმნაში. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვაქვს სტანდარტები ანგარიშის გაზიარებაზე, ანგარიშის მფლობელის ასაკთან დაკავშირებით და ა.შ.
ანგარიშის გაზიარება
ანგარიშის გაზიარება დაუშვებელია. Uber Marketplace პლატფორმით სარგებლობისთვის, უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და გქონდეთ საკუთარი აქტიური ანგარიში. არ დაუშვათ, სხვა პირმა ისარგებლოს თქვენი ანგარიშით და არასოდეს გააზიაროთ თქვენს ანგარიშთან დაკავშირებული Uber Marketplace პლატფორმაზე წვდომის პირადი ინფორმაცია, რაც მოიცავს და არ შემოიფარგლება მხოლოდ მომხმარებლის სახელით, პაროლით ან ფოტოებით. მაგალითად, კურიერებმა მიტანის ყველა ნაწილი თავად უნდა შეასრულონ, მათ შორის, ნებისმიერი ქმედება სავაჭრო ობიექტიდან შეკვეთის აღებიდან დაწყებული და Uber Eats-ის მომხმარებელთან მიტანამდე დამთავრებული — გამონაკლისების გარეშე.
18 წელს მიუღწეველი პირები
Uber-ის ანგარიშის გასახსნელად უნდა იყოთ 18 წლის ან მეტის. ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა იყოთ სულ მცირე 18 წლის, რათა სატრანსპორტო საშუალებით დამოუკიდებლად იმგზავროთ. ანგარიშის მფლობელები ვერ მოითხოვენ მგზავრობას ან მიტანას 18 წელზე ნაკლები ასაკის პირისთვის, რომელსაც მგზავრობისას ან მიტანის აღებისას თან არ ახლავს ანგარიშის მფლობელი ან სხვა სრულწლოვანი პირი. საჭმლის შეკვეთისას, ბავშვებს ასევე ეკრძალებათ დამოუკიდებლად ისარგებლონ სრულწლოვანი პირის Uber Eats-ის ანგარიშით. ეს ასაკობრივი შეზღუდვები გამოიყენება თუ სხვა რამ არის განსაზღვრული ჩვენი საყოველთაო წესებით, პირობებით ან დებულებით.
დამატებითი მგზავრები და ანგარიშის არმქონე მგზავრები
Uber-ით მგზავრობისას, ავტომობილში მძღოლის, შემკვეთი მგზავრისა და მგზავრის სტუმრების გარდა, სხვა არავინ უნდა იმყოფებოდეს. ეს წესები გამოიყენება თუ სხვა რამ არ არის განსაზღვრული ჩვენი საყოველთაო წესებით, პირობებით ან დებულებით. Uber-ით მგზავრობისას, მეორე მხარეზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება ანგარიშის მფლობელს. თუ მოითხოვთ სხვა სრულწლოვანი პირისთვის მგზავრობას ან მიტანას, მის ყოფაქცევაზე პასუხისმგებელი იქნებით თქვენ, მგზავრობის ან მიტანის განმავლობაში.
ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალების შესახებ
მარტივად აყვანისა და მიტანისთვის, Uber Marketplace პლატფორმა მგზავრებსა და Uber Eats-ის მომხმარებლებს აწვდის ინფორმაციას მძღოლებისა და კურიერების, მათი სატრანსპორტო საშუალებების, მათ შორის სანომრე ნიშნების, სატრანსპორტო საშუალების მარკისა და მოდელის შესახებ, ასევე პროფილის ფოტოსა და სახელს. უზუსტო ან ვადაგასული ინფორმაცია ქმნის გაურკვევლობას მგზავრებსა და Uber Eats-ის მომხმარებლებში და შეიძლება Uber Marketplace პლატფორმის შესახებ ნეგატიური შთაბეჭდილება დატოვოს.
მძღოლებსა და კურიერებს მგზავრობისა და მიტანის მომსახურების შესრულება შეუძლიათ მხოლოდ ნებადართული სატრანსპორტო საშუალებებით. მოგვაწოდეთ ზუსტი ინფორმაცია თქვენი სატრანსპორტო საშუალების შესახებ და განაახლეთ დოკუმენტაცია, რაც შეიძლება ძალადაკარგული იყოს, მაგალითად, მართვის მოწმობა, რომელსაც მოქმედების ვადა გასდის.
უსაფრთხოების ღვედები
უსაფრთხოების ღვედის გამოყენებამ ავტოსაგზაო შემთხვევისას შეიძლება სიცოცხლე იხსნას და შეამციროს დაზიანების ხარისხი. თითოეულმა კურიერმა, მძღოლმა და მგზავრმა, მათ შორის უკანა სავარძელზე მსხდომებმა, ყოველთვის უნდა შეიკრან ღვედი. მგზავრებმა ყოველთვის უნდა მოითხოვონ ისეთი ავტომობილი, რომელსაც საკმარისი სივრცე აქვს, რათა ყველა დაეტიოს და არ იმგზავრონ ისეთი სატრანსპორტო საშუალებით, რომელსაც საკმარისი რაოდენობის უსაფრთხოების ღვედი არ გააჩნია. მძღოლებს შეუძლიათ მგზავრობის უარყოფა თუ მათ სატრანსპორტო საშუალებას არ გააჩნია ყველა მგზავრისთვის საკმარისი რაოდენობის უსაფრთხოების ღვედი.
მოტოციკლის, მოპედის და სკუტერის ჩაფხუტები
თქვენი უსაფრთხოებისთვის, ველოდისიპედით, მოპედით ან სკუტერით მგზავრობისას აარჩიეთ ისეთი ჩაფხუტი, რომელსაც კარგად მოირგებთ. ჩაფხუტს შეუძლია დაგიცვათ თუ მას ატარებთ მწარმოებლის ინსტრუქციის შესაბამისად, მაგ. შუბლზე ჩამოწეულს და ნიკაპზე მჭიდროდ დაფიქსირებულს.
ვიდეო და/აუდიო ჩამწერი საბორტო კამერების გამოყენება
მძღოლებს შეუძლიათ დააყენონ საბორტო კამერა, რომელიც ჩაიწერს მგზავრობას და იქნება მტკიცებულება Uber-ისთვის, სამართალდამცავებისთვის ან სადაზღვევო კომპანიებისთვის, მგზავრობისას რაიმე ინციდენტის შემთხვევაში. გაითვალისწინეთ შემდეგი:
- დამგზავრებისას, მგზავრების შეშფოთება შეიძლება გამოიწვიოს იმან, თუ როგორ შეიძლება იქნეს გამოყენებული საბორტო კამერით ჩაწერილი ვიდეო, გამოსახულება ან საუბარი. ზოგიერთ ადგილას, ადგილობრივი კანონებისა და წესების თანახმად, ჩაწერაზე საჭიროა მგზავრის თანხმობა. გაეცანით ადგილობრივ კანონებს, რათა იცოდეთ თქვენი პასუხისმგებლობის შესახებ.
- მძღოლებს შეუძლიათ გადასცენ ჩანაწერი Uber-ს საკუთარი შეხედულებისამებრ. Uber განიხილავს წარდგენილ ჩანაწერს და მიიღებს ზომებს საყოველთაო წესებისა და პლატფორმის გამოყენების პირობების შესაბამისად.
პირის სურათის ან ვიდეო/აუდიო ჩანაწერის გაზიარება სოციალური მედიით ან სხვა ციფრული საშუალებებით საჯარო სივრცეებში, წარმოადგენს საყოველთაო წესების დარღვევას და შეიძლება ჩვენმა უსაფრთხოების გუნდმა ამაზე შემდგომი გამოძიება ჩაატაროს.
იყავით ფხიზლად
გზაზე გადაადგილება ნიშნავს, რომ შეგაქვთ წვლილი საკუთარი თავისა და სხვების უსაფრთხოების კუთხით. ეს გულისხმობს, რომ უნდა იყოთ კონცენტრირებული გზაზე და კარგად დასვენებული, რათა ნებისმიერ სიტუაციაში სწრაფი რეაგირება შეძლოთ. ჩვენ განვიხილავთ ანგარიშებს ავტოსაგზაო შემთხვევებისა და პოტენციურად სახიფათო საგზაო სიტუაციებთან დაკავშირებით.
სათანადო მოვლა და ტექნიკური მომსახურება
Uber-თან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მძღოლებსა და კურიერებს მოეთხოვებათ თავიანთი სატრანსპორტო საშუალებები შეინახონ კარგ, მუშა მდგომარეობაში, რაშიც შედის: მუხრუჭები, უსაფრთხოების ღვედები და საბურავები. ეს გულისხმობს თავიანთი სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების და ტექნიკური მომსახურების სტანდარტების დაცვას, კონტროლს და შეკეთებას მწარმოებლის მიერ განსაზღვრული ნაწილებით.
გააზიარეთ გზა
გზებზე უსაფრთხოებისთვის საჭიროა, მძღოლებმა დაიცვან უსაფრთხოების ზომები, მათ შორის, ყურადღებით იყვნენ მგზავრებთან დაკავშირებით, იმისდა მიუხედავად, თუ როგორ გადაადგილდებიან ისინი.
საგანგებო სიტუაციები
Uber-ს შეუძლია მიიღოს დამატებითი ზომები, რათა უზრუნველყოს ჩვენი პლატფორმის უსაფრთხოება გაუთვალისწინებელი შემთხვევებისას, რაც მოიცავს და არ შემოიფარგლება ბუნებრივი კატასტროფებით, ჯანდაცვასთან დაკავშირებული საგანგებო და საზოგადოებრივი კრიზისული სიტუაციებით.
მაგალითად, თუ Uber მიიღებს შეტყობინებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციიდან, რომ რომელიმე პირი, ვინც სარგებლობს Uber Marketplace პლატფორმით, შესაძლოა საზოგადოებისთვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენდეს, ჩვენ შეიძლება მას დავუბლოკოთ წვდომა Uber Marketplace პლატფორმაზე, სანამ მომხმარებლის მიერ პლატფორმის მოხმარება კვლავ უსაფრთხო არ გახდება. შესაბამისად, ჩვენ შეიძლება შევუზღუდოთ ცალკეულ პირებს მთელი ქალაქის ან რეგიონის ფარგლებში Uber Marketplace პლატფორმით სრული ან ნაწილობრივი სარგებლობა, რათა დავიცვათ ხელისუფლების მიერ დადგენილი წესები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის სახიფათო საგანგებო სიტუაციებისას, ბუნებრივი კატასტროფების დროს ან სხვა კრიზისულ სიტუაციებში, ან როცა Uber Marketplace პლატფორმით სარგებლობა შესაძლოა საფრთხეს წარმოადგენდეს.
დამატებითი საყოველთაო წესები Uber Eats-ის სავაჭრო ობიექტებისა და კურიერებისთვის
Uber-ის საყოველთაო წესების დაცვის გარდა, Uber Eats პლატფორმის მომხმარებლებმა უნდა დაიცვან Uber Eats-ის შეკვეთასა და მიტანასთან დაკავშირებული ქვემოთ მოცემული სტანდარტები.
შეკვეთების სათანადო დამუშავება (ინფორმაცია სავაჭრო ობიექტებისთვის)
სავაჭრო ობიექტები უნდა შეესაბამებოდნენ ყველა სათანადო სალიცენზიო მოთხოვნას და საჭმელთან დაკავშირებულ ყველა კანონსა და ნორმას, მათ შორის საჭმლის უვნებლობისა და ჰიგიენის ნორმებს, ასევე დარგის პოპულარულ პრაქტიკას და პოლიტიკას. სავაჭრო ობიექტებს უნდა გააჩნდეთ მოქმედი სავაჭრო ლიცენზიები და/ან კანონით გათვალისწინებული ნებართვები.
არაერთი გამზადებული საჭმელი მალფუჭებადია და არასათანადო პირობების გარეშე, შეიძლება ავადმყოფობის მიზეზიც გახდეს. ასეთი საჭმელი შეიძლება პოტენციურად მავნებელი აღმოჩნდეს თუ წამოღებამდე არ იქნება სათანადოდ შენახული შესაბამისი ტემპერატურის პირობებში.
Uber Eats-ის მომხმარებლებისთვის საჭმლის უსაფრთხოდ მიწოდების მიზნით, სავაჭრო ობიექტებს ვურჩევთ გზავნილი დალუქონ მიტანის წინ, რათა არ მოხდეს მისი უნებართვოდ გახსნა. სავაჭრო ობიექტები პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ Uber Eats-ის მომხმარებლების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რაც უკავშირდება კვებით ალერგიას, გადაუტანლობას ან სხვა დიეტურ შეზღუდვებს და უარყონ ისეთი შეკვეთები, რომელთა მოთხოვნებსაც ვერ შეასრულებენ.
შეკვეთების სათანადო მიტანა (ინფორმაცია კურიერებისთვის)
სავაჭრო ობიექტებს შეუძლიათ განსაზღვრონ მიტანის გარკვეული წესები, რაც ხელს შეუწყობს საჭმლის უვნებლობას, დაიცავს მარეგულირებელ მითითებებს ან დააკმაყოფილებს Uber Eats-ის მომხმარებლის დიეტურ შეზღუდვებს. მაგალითად, სავაჭრო ობიექტებს შეუძლიათ შეატყობინოს კურიერს, რომ ჰალალის და არაჰალალის საჭმელი ცალ-ცალკე შეინახოს. კურიერებმა ყოველთვის უნდა დაიცვან სავაჭრო ობიექტების მსგავსი მითითებები.
კურიერს, რომელიც იყენებს იზოლირებულ ჩანთას, შეუძლია Uber Eats-ის მომხმარებლის გამოცდილება კიდევ უფრო გააუმჯობესოს, თუმცა ეს აუცილებელი არ არის, თუკი კურიერს არ მიაქვს იმ ადგილას, სადაც ეს კანონით არის მოთხოვნილი. ველოსიპედით მიტანისას შეიძლება უფრო გამოსადეგი იყოს სპეციალური ჩანთა, რომელიც დაიცავს საჭმელს ბიძგებისგან და ამინდის პირობებისგან.
კურიერებმა შეკვეთები უნდა მიაწოდონ უსაფრთხოდ, უსაფრთხოების სათანადო სტანდარტების შესაბამისად. მაგალითად, მათ არ უნდა ახლონ ხელი ან არ გახსნან გზავნილი მიტანის განმავლობაში.
როგორ შეუძლიათ ობიექტებს შექმნან უსაფრთხო გარემო შეკვეთის წამოღებისთვის
სავაჭრო ობიექტებს და მათ პერსონალს მოეთხოვებათ კარგად მოექცნენ კურიერებს, აგრძნობინონ, რომ თბილ გარემოში მოხვდნენ, ისე მოეპყრან, როგორც საკუთარ მომხმარებლებს. მათ ასევე უნდა უზრუნველყონ უსაფრთხო სივრცე შეკვეთის წასაღებად; მაგალითად, სავაჭრო ობიექტებმა თავის ტერიტორიაზე უნდა აღკვეთონ ძალადობრივი ინციდენტები, რამაც შეიძლება კურიერებს საფრთხე შეუქმნას.
ალკოჰოლის მიტანა
ყველა შეკვეთა, რომელიც შეიცავს ალკოჰოლს, უნდა შეესაბამებოდეს მოქმედ კანონმდებლობას და შეზღუდვებს ქუჩაში ალკოჰოლის გატანისა და ალკოჰოლის მიწოდების საათებთან დაკავშირებით. მხოლოდ Uber Eats-ის სრულწლოვან მომხმარებლებს შეუძლიათ იყიდონ ან შეუკვეთონ ალკოჰოლი და თუ არ იმყოფებიან ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, შეუკვეთონ და მიიღონ ალკოჰოლი ნებისმიერ ადგილას, სადაც ეს ხელმისაწვდომია. Uber Eats-ის მომხმარებლებმა თავისი ასაკისა და პიროვნების დასადასტურებლად უნდა წარმოადგინონ ოფიციალური პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ფოტოსურათით, როცა ალკოჰოლის შეკვეთას მიიღებენ. თუ Uber Eats-ის მომხმარებელს არ აქვს ოფიციალური, მოქმედი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ფოტოსურათით, ან იმყოფება ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, შეკვეთის ალკოჰოლური ნაწილის მიწოდება ვერ მოხდება და ის შეიძლება დაუბრუნდეს გამყიდველს Uber Eats-ის მომხმარებლის სახელით და მისივე ხარჯით. Uber Eats-ის მომხმარებლები ვერ შეძლებენ ალკოჰოლის შეკვეთას, თუკი მიტანა საჯარო ადგილას სურთ, იქ, სადაც ალკოჰოლი ღია ჭურჭლით აკრძალულია, ან ნებისმიერ სხვა ადგილას სადაც ალკოჰოლის შენახვა ან მოხმარება კანონით იკრძალება.
კურიერებისა და Uber Eats-ის მომხმარებლებისთვის პოზიტიური გამოცდილების შექმნა
სავაჭრო ობიექტებისთვის მნიშვნელოვანია, რომ კურიერებს და Uber Eats-ის მომხმარებლებს პატივისცემით მოეპყრონ. სავაჭრო ობიექტები ყურადღებით უნდა მოეკიდონ Uber Eats-ის მომხმარებლების შეკვეთას პროდუქტების გამზადებისას. როცა Uber Eats-ის მომხმარებელი იმ პროდუქტებს არ იღებს რაც შეუკვეთა, ეს მის გამოცდილებაზე უარყოფითად მოქმედებს.
მომზადების დიდი დრო, კურიერისთვის შეკვეთის გადაცემის დიდი დრო (ის დრო, რაც სჭირდება კურიერს სავაჭრო ობიექტში შესვლისა და გამოსვლისთვის, მოცდის დროის ჩათვლით), მცირე ხაზზე გატარებული დრო (სავაჭრო ობიექტის ხაზზე ხელმისაწვდომობის დრო), შეკვეთის მიღებამდე შეფერხების დიდი დრო და გაუქმების მაღალი სიხშირე, ასევე უქმნის უარყოფით გამოცდილებას Uber Eats-ის მომხმარებლებსა და კურიერებს.
თუ ეს და სხვა მაჩვენებლები გაცილებით უარესია სავაჭრო ობიექტის ქალაქის საშუალო მაჩვენებელზე, მაშინ ამას შეიძლება უარყოფითი გავლენა ჰქონდეს Uber Eats-ის პლატფორმაზე, ასე რომ, სავაჭრო ობიექტის მაჩვენებლები სულ მცირე ქალაქის საშუალო მაჩვენებლების ტოლი უნდა იყოს. თუ სავაჭრო ობიექტის მაჩვენებლები მინიმალური სტანდარტის ქვემოთაა, მაშინ მათ ამის შესახებ შევატყობინებთ.
აკრძალული პროდუქტები
სავაჭრო ობიექტებს შეუძლიათ მხოლოდ იმ პროდუქტების შეთავაზება, რაც გათვალისწინებულია Uber-თან გაფორმებული ხელშეკრულებით. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, დაუშვებელია საგანგებოდ განსაზღვრული პროდუქტების სავაჭრო ობიექტის Uber Eats-ის მენიუში შეთავაზება. Uber-მა შეიძლება წაშალოს ან სხვაგვარად შეუზღუდოს სავაჭრო ობიექტს გამოაქვეყნოს Uber Eats-ის მენიუდან ნებისმიერი პროდუქტი, რომელსაც Uber მიიჩნევს აკრძალულად ან შეუსაბამოდ.
დაიცავით კანონი
ჩვენ გაგვაჩნია მოქმედ კანონებსა და რეგულაციებზე დაფუძნებული სტანდარტები, რაც ყველამ უნდა დაიცვას. მაგალითად, Uber Marketplace პლატფორმის გამოყენება ნებისმიერი სახის დანაშაულის ჩასადენად, როგორიცაა ნარკოტიკების ტრანსპორტირება, ფულის გათეთრება, ნარკოტიკების ან ადამიანების ტრეფიკინგი, ან ბავშვების სექსუალური ექსპლუატაცია, ან ნებისმიერი კანონის ან რეგულაციის დარღვევა, მკაცრად იკრძალება.
დაიცავით ყველა კანონი
ყველა პასუხისმგებელია იცოდეს და დაემორჩილოს მოქმედ კანონებს, მათ შორის აეროპორტის წესებსა და რეგულაციებს აეროპორტში ყოფნისას, ასევე დაიცვას საგზაო მოძრაობის წესები, ნიშნები და სიგნალები — ნებისმიერ დროს Uber Marketplace პლატფორმის გამოყენებისას.
მძღოლებისა და კურიერების ყველა შესაბამისი ლიცენზია, ნებართვა და სხვა იურიდიული დოკუმენტი უნდა იყოს განახლებული. მაგალითად, ყველა მძღოლი და კურიერი, ვინც იყენებს სატრანსპორტო საშუალებებს, კანონით ვალდებულია შეინარჩუნოს მძღოლის მოქმედი მართვის მოწმობა, დაზღვევა და ავტომობილის სარეგისტრაციო დოკუმენტი. ეს ასევე მოიცავს მოქმედი ნორმატიული მოთხოვნების დაცვას იმ მძღოლების მიერ, ვინც მუშაობს დამგზავრების პრინციპით ან დაქირავებულ მძღოლად თქვენს არეალში. ჩვენ განვიხილავთ შეტყობინებებს მგზავრობის ან მიტანის დროს ავტოსაგზაო შემთხვევის ან საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებული სიტუაციების შესახებ, ასევე სხვა შეტყობინებებს, რაც მოიცავს, თუმცა არ შემოიფარგლება, ცუდი, სახიფათო ან ყურადღების გამფანტავი მართვის ფაქტებით. პარკირების ადგილობრივი წესები შესაძლოა ზღუდავდეს მძღოლებსა და კურიერებს თავიანთი სატრანსპორტო საშუალებების პარკირებასთან დაკავშირებით, შეკვეთების მიღების, მიტანის ან მგზავრების ავტომობილიდან გადმოსვლის ან მოცდის პერიოდში. მაგალითად, ველოსიპედების ზოლებში გაჩერება ან პანდუსების ბლოკირება შესაძლოა კანონდარღვევა იყოს.
მგზავრებისა და Uber Eats-ის მომხმარებლების საყურადღებოდ — თქვენი მძღოლი ან კურიერი მიხედავს მართვას. მაგალითად, მგზავრების საყურადღებოდ: არ შეეხოთ საჭეს, სიჩქარეების გადასართავ ბერკეტს ან სხვა მოწ///ყობილობას, ღილაკებს ან ავტომობილის სხვა კომპონენტებს. მგზავრებისა და Uber Eats-ის მომხმარებლების საყურადღებოდ: არ სთხოვოთ მძღოლს ან კურიერს მოუმატოს სიჩქარეს, გაგიჩეროთ ან ჩამოგსვათ აკრძალულ ადგილას, განახორციელოს აკრძალული მანევრი.
მოძრაობისას ან ველოსიპედის, მოპედის ან სკუტერის პარკირებისას, არ დაგავიწყდეთ ადგილობრივი წესები და რეგულაციები. როგორც წესი, საგზაო მოძრაობის ადგილობრივი წესების მიხედვით, გზა უნდა დაუთმოთ ქვეითებს, იმოძრაოთ საგზაო მოძრაობის მიმართულებით, ანიშნოთ თუკი მიმართულების შეცვლას აპირებთ და გაჩერდეთ წითელ შუქზე და გაჩერების მანიშნებელ ნიშანზე.
ავტომობილის სავარძლები
ჩვილებთან და მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად მგზავრობისას, მძღოლებმა და მგზავრებმა უნდა დაიცვან მოქმედი კანონები. იქ, სადაც მანქანის საბავშვო სავარძლის გამოყენება კანონით არის მოთხოვნილი, მგზავრი ვალდებულია, სათანადო სავარძელი მოარგოს ავტომობილს, თუკი ჩვენი საყოველთაო წესებით, პირობებით ან რეკომენდაციებით სხვა რამ არის განსაზღვრული. 12 წლის ან ნაკლები ასაკის ბავშვები მგზავრობისას უნდა ისხდნენ უკანა სავარძელზე.
როცა მგზავრებს პატარა ბავშვები ახლავთ თან, მძღოლს შეუძლია მისცეს დამატებითი დრო, რათა მგზავრობამდე საბავშვო სავარძელი სათანადოდ დაამაგრონ. თუ მგზავრს არ აქვს შესაბამისი სავარძელი, თუ მძღოლს არ სიამოვნებს, რომ მგზავრი თავის სავარძელს ამაგრებს ავტომობილში, თუ ბავშვი ვერ აკმაყოფილებს სავარძლისთვის განსაზღვრულ უსაფრთხოების კრიტერიუმებს სიმაღლესა და წონაში ან თუ მძღოლი თვლის, რომ ბავშვი სავარძელში უსაფრთხოდ არ იქნება, მას შეუძლია გააუქმოს მგზავრობა.
მომსახურე ცხოველებისა და დამხმარე მოწყობილობების ტრანსპორტირება
მძღოლი, რომელიც მძღოლთა აპს იყენებს, უარს ვერ ეტყვის მგზავრს მომსახურე ცხოველის ან დამხმარე მოწყობილობის (მაგალითად, ინვალიდის ეტლი ან ყავარჯნები) ტრანსპორტირებაზე, ზემოაღნიშნული მოტივით. მოქმედი კანონმდებლობა, როგორც წესი, უკრძალავს მძღოლებს უარი უთხრან მგზავრებს მომსახურე ცხოველების ან დამხმარე მოწყობილობების ტრანსპორტირებაზე, ან მათი სხვა სახის დისკრიმინაციაზე, თუნდაც მძღოლს ამასთან დაკავშირებით გააჩნდეს რელიგიური შეხედულებები ან ცხოველების შიში. განზრახ მგზავრობაზე უარი მგზავრს მომსახურე ცხოველების ან დამხმარე მოწყობილობების გამო, გამოიწვევს Uber Marketplace პლატფორმაზე წვდომის შეზღუდვას, გარდა იმ შემთხვევისა, თუკი ეს კანონით აკრძალული არ არის.
ნარკოტიკები და ალკოჰოლი
Uber Marketplace პლატფორმით სარგებლობის პერიოდში ნარკოტიკების მოხმარება და ალკოჰოლი ღია ჭურჭლით იკრძალება .
თუ თქვენ ხართ მძღოლი ან კურიერი, კანონის თანახმად, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის ან ველოსიპედის მართვა გეკრძალებათ. კანონი კრძალავს ავტომობილის ან ველოსიპედის მართვას ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან სხვა ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, რაც ასუსტებს თქვენს უსაფრთხოდ მართვის უნარს. თუ შეგხვდათ მგზავრი, რომელიც ძალიან მთვრალი ან ხმაურიანია, შეგიძლიათ უარყოთ მგზავრობა თქვენი უსაფრთხოებიდან გამომდინარე.
თუ თქვენ მგზავრი ხართ და ვარაუდობთ, რომ მძღოლი შესაძლოა ნარკოტიკის ან ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყოს, მოსთხოვეთ მას დაუყოვნებლივ დაასრულოს მგზავრობა. შემდეგ გადმოდით ავტომობილიდან და დაურეკეთ შესაბამის ადგილობრივ უწყებებს ან საგანგებო სიტუაციების სამსახურს. სატრანსპორტო საშუალების დატოვების შემდეგ, გაუზიარეთ გამოცდილება Uber-ს.
ცეცხლსასროლ იარაღთან დაკავშირებული აკრძალვა
მგზავრებსა და სტუმარ მგზავრებს, ისევე როგორც მძღოლებსა და კურიერებს, ეკრძალებათ ცეცხლსასროლი იარაღის ტარება Uber Marketplace პლატფორმით სარგებლობის პერიოდში, რამდენადაც ეს გათვალისწინებულია კანონით. ცეცხლსასროლი იარაღის აკრძალვის წესებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.
თაღლითობა
ტყუილმა შეიძლება ნდობა შეარყიოს და სახიფათოც აღმოჩნდეს. იკრძალება ინფორმაციის განზრახ გაყალბება ან თავის სხვა პიროვნებად წარმოჩენა, მაგალითად, სისტემაში შესვლისას ან უსაფრთხოების შემოწმებისას. მნიშვნელოვანია ზუსტი ინფორმაციის მოწოდება ინციდენტების შეტყობინებისას, Uber-ზე თქვენი ანგარიშის შექმნისა და მასზე წვდომისას, მოსაკრებლის გასაჩივრებისა და კრედიტების მოთხოვნისას. მოითხოვეთ მხოლოდ ის მოსაკრებელი და იმ თანხის დაბრუნება, რისი მოთხოვნის უფლებაც გაქვთ. ასევე, გამოიყენეთ შეთავაზებები და პრომოაქციები მხოლოდ დანიშნულებისამებრ. არასწორი ტრანზაქციები განზრახ არ შეასრულოთ.
თაღლითური ქმედება შეიძლება მოიცავდეს, თუმცა არ შემოიფარგლებოდეს შემდეგით: მგზავრობის ან მიტანის დროს მიტანის დროის ან მანძილის განზრახ გაზრდა თაღლითური ან სხვა მიზნებით; მგზავრობაზე ან მიტანაზე დათანხმება მისი შესრულების განზრახვის არ ქონით, მათ შორის, თაღლითური მიზნით, შეკვეთის გასაუქმებლად, მგზავრების ან Uber Eats-ის მომხმარებლების პროვოცირება; ყალბი ანგარიშების შექმნა თაღლითური მიზნით. თაღლითური მოსაკრებლის მოთხოვნა, მაგ. ყალბი დასუფთავების მოსაკრებლის სახით; თაღლითური ან ყალბი მგზავრობის ან მიტანის შესრულების განზრახ მოთხოვნა, დათანხმება; იმის განცხადება, რომ მიტანა შესრულებულია, როდესაც სინამდვილეში, პროდუქტი არც წამოუღია; შეკვეთის წამოღება, თუმცა პროდუქტის ნაწილის თავად დატოვება და შეკვეთის სრულად არ მიტანა; ისეთი ქმედებები, რაც მიზნად ისახავს Uber Marketplace პლატფორმით მანიპულირებას ან მისი ნორმალური ფუნქციონირების მოშლას, მათ შორის ტელეფონის პარამეტრებით მანიპულირებას, რათა ხელი შეეშალოს პლატფორმის და GPS-ის სათანადო მუშაობას; პრომოაქციების ბოროტად გამოყენება და/ან მათი დანიშნულებისამებრ არ გამოყენება; თაღლითური ან უკანონო მიზნებით საფასურთან ან მოსაკრებელთან დაკავშირებით კამათი; შეუსაბამო დუბლიკატი ანგარიშების შექმნა; ან დოკუმენტების, ჩანაწერების ან სხვა მონაცემების გაყალბება თაღლითური მიზნით.
გარიგება ქუჩაში და მგზავრის აყვანა პლატფორმის მიღმა
ყოველი მგზავრობის უსაფრთხოების მიზნით, პლატფორმის მიღმა მგზავრის აყვანა აკრძალულია. Uber Marketplace პლატფორმით იკრძალება მგზავრთან გარიგება ქუჩაში, ასე რომ არასოდეს მოითხოვოთ ან მიიღოთ საფასური Uber Marketplace პლატფორმის მიღმა. მგზავრებმა და Uber Eats-ის მომხმარებლებმა არ უნდა გადაიხადონ მგზავრობისთვის ან მიტანისთვის ნაღდი ფულით. ასევე, მგზავრებმა არ უნდა მოითხოვონ მგზავრობა Uber Marketplace პლატფორმის მიღმა.
სხვა მიუღებელი ქმედებები
არასოდეს გამოიყენოთ Uber-ის სავაჭრო ნიშანი ან ინტელექტუალური საკუთრება ნებართვის გარეშე. სავალდებულოა Uber-ის ბრენდის ნივთების გამოჩენა, მძღოლებმა და კურიერებმა უნდა გამოიყენონ მხოლოდ Uber-ის ბრენდის ნივთები, რომლებიც Uber-ისგან გადაეცათ. მძღოლებმა და კურიერებმა არ უნდა გამოაჩინონ Uber-ის ბრენდის ნივთები, როცა პლატფორმით არ სარგებლობენ. ასევე, მძღოლებმა და კურიერებმა უნდა დააბრუნონ Uber-ის ბრენდის ნივთები, თუ მათ პლატფორმაზე წვდომა შეუწყდებათ. არასანქცირებული ან მესამე მხარის ნივთების გამოყენებამ, როგორიცაა — სანთებელა, პლაკატი, ნიშანი ამ მსგავსი ნივთები, შეიძლება დააბნიოს მგზავრები ან Uber Eats-ის მომხმარებლები.
თქვენი გამოხმაურება მნიშვნელოვანია
თუ რამე მოხდა — ცუდი ან კარგი, ჩვენ გაგიმარტივებთ საქმეს, რომ ეს ადვილად შეგვატყობინოთ. ჩვენი გუნდი მუდმივად აუმჯობესებს ჩვენს სტანდარტებს და თქვენი გამოხმაურება მნიშვნელოვანია, რათა ჩვენი ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, არ მოხდეს სტანდარტების მოძველება. შეაფასეთ თქვენი გამოცდილება ყოველი მგზავრობის ან მიტანის ბოლოს. გულახდილი გამოხმაურება უზრუნველყოფს ჩვენს ქმედებებზე პასუხისმგებლობას. ასეთი ანგარიშვალდებულება ხელს უწყობს სანდო გარემოს შექმნას. და თუ რაიმე მოხდა, მაგალითად, ავტოსაგზაო შემთხვევა და თქვენ გინდათ ამის შესახებ შეგვატყობინოთ, დააჭირეთ აპში ღილაკს დახმარება ან ესტუმრეთ help.uber.com და ჩვენი მხარდაჭერის გუნდი დაგეხმარებათ. საგანგებო სიტუაციისას ან თუ რაიმე საფრთხე გემუქრებათ, შეატყობინეთ ადგილობრივ უწყებებს ან საგანგებო სიტუაციების სამსახურს, სანამ Uber-ს დაუკავშირდებით.
შეფასება
მძღოლებს, მგზავრებს, კურიერებს, Uber Eats-ის მომხმარებლებსა და სავაჭრო ობიექტებს შეუძლიათ შეაფასონ და თავად მიიღონ შეფასება, ასევე, გამოხმაურება მგზავრობაზე ან შეკვეთის მიტანაზე. გამოხმაურების ეს სისტემა აუმჯობესებს ანგარიშვალდებულებას და ხელს უწყობს შეიქმნას სანდო, უსაფრთხო და გამჭვირვალე გარემო. მძღოლებსა და კურიერებს შეუძლიათ თავიანთი მიმდინარე რეიტინგი ნახონ აპში. სავაჭრო ობიექტებს შეუძლიათ იპოვონ თავისი Uber Eats-ის მომხმარებელი და კურიერი Uber Eats Manager-ზე შესვლით. სადაც ეს შესაძლებელია, მგზავრებს შეუძლიათ ნახონ თავიანთი რეიტინგი თავიანთი სახელის ქვეშ, აპის გახსნის და მენიუზე შეხების შემდეგ.
სადაც ეს შესაძლებელია, თითოეულ ქალაქში არსებობს მინიმალური საშუალო რეიტინგი. ეს შეიძლება უკავშირდებოდეს კულტურულ განსხვავებებს, იმას, თუ როგორ აფასებენ სხვადასხვა ქალაქში ადამიანები ერთმანეთს. მძღოლებმა, მგზავრებმა, კურიერებმა ან სავაჭრო ობიექტებმა, რომლებიც ვერ შეესაბამებიან თავისი ქალაქის მინიმალურ რეიტინგს, შეიძლება დაკარგონ წვდომა Uber Marketplace პლატფორმაზე. თუ თქვენი რეიტინგი ამ ზღვარზეა, ამის შესახებ გაცნობებთ და გაგიზიარებთ ინფორმაციას, რაც დაგეხმარებათ რეიტინგის გაუმჯობესებაში.
თუ გსურთ შეინარჩუნოთ საშუალო რეიტინგი, ამაში დაგეხმარებათ თქვენივე თავაზიანობა ყველას მიმართ, Uber Marketplace პლატფორმით სარგებლობის პერიოდსა და Uber-ის საზოგადოებაში სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას. მძღოლები და კურიერები, ვინც სარგებლობს Uber Marketplace პლატფორმით, თავიანთ მგზავრებსა და Uber Eats-ის მომხმარებლებს უზრუნველყოფენ შესანიშნავი მომსახურებით. მგზავრების, კურიერებისა და Uber Eats-ის მომხმარებლების უმეტესობა ზრდილობიანი და თავაზიანია, შესაბამისად, თითქმის ყველა მგზავრობა და მიტანა უპრობლემოდ სრულდება. მხარდაჭერის გუნდთან დაკავშირება ინდივიდუალური შეფასების დაკარგვას არ გამოიწვევს. ვიცით, რომ მგზავრობა ან მიტანა ყოველთვის უპრობლემოდ არ მიმდინარეობს, სწორედ ამიტომ, თქვენი შეფასება საშუალო შეფასებით გამოითვლება.
თუ ხართ მძღოლი და თქვენს Uber-ის ანგარიშზე დაბალი რეიტინგის გამო წვდომა დაკარგეთ, შეგიძლიათ დაბრუნება თუ დააკმაყოფილებთ შესაბამისობის მოთხოვნებს და წარმოადგენთ მტკიცებულებას, რომ წარმატებით გაიარეთ ხარისხის გაუმჯობესების კურსი მესამე მხარის ექსპერტებთან. დაუკავშირდით Uber-ის მხარდაჭერის გუნდს, პარტნიორ მძღოლთა მხარდაჭერის ცენტრს ან დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ help.uber.com .
თანხმობა მიტანაზე, შეკვეთასა და მგზავრობაზე
თუ თქვენ ხართ კურიერი ან მძღოლი და არ გინდათ შეასრულოთ მიტანა ან მგზავრობა, უბრალოდ შეგიძლიათ გადახვიდეთ offline სტატუსზე ან გამოხვიდეთ სისტემიდან. სავაჭრო ობიექტის შემთხვევაში, გამოიყენეთ ფუნქცია „ახალი შეკვეთების დაპაუზება“ ან კონკრეტული პროდუქტები გახადეთ მიუწვდომელი. ამგვარად, სისტემა ყველასთვის გამართულად იმუშავებს.
კურიერების, მძღოლების და სავაჭრო ობიექტების საყურადღებოდ, თუ გადაბმულად, მუდმივად უარს იტყვით მგზავრობებზე ან მიტანებზე, ჩვენმა ტექნოლოგიამ შეიძლება ჩათვალოს, რომ აღარ გინდათ მეტი მგზავრობა და შეკვეთები ან დაგავიწყდათ სისტემიდან გამოსვლა და შეიძლება ავტომატურად აღმოჩნდეთ სისტემიდან გამოსული. თუმცა, შეგიძლიათ ისევ შეხვიდეთ, როცა მზად იქნებით დაადასტუროთ, რომ მგზავრობებისა და შეკვეთების შესრულება ისევ შეგიძლიათ.
როგორ ამკვიდრებს Uber ჩვენს საყოველთაო წესებს
Uber Marketplace პლატფორმაზე წვდომის დაკარგვა შეიძლება ნეგატიურად აისახოს თქვენს ცხოვრებასა და ბიზნესზე. სწორედ ამიტომ, გვჯერა, რომ მნიშვნელოვანია მკაფიო სტანდარტები, რაც გაგარკვევთ, თუ რა შემთხვევაში შეიძლება დაკარგოთ წვდომა Uber Marketplace პლატფორმაზე. თუ დაარღვევთ Uber-თან გაფორმებულ ხელშეკრულებას, მის რომელიმე პირობას ან დებულებას, მათ შორის საყოველთაო წესებს ან დამატებით დებულებებსა და სტანდარტებს, რის შესახებაც Uber დროდადრო გაწვდით ინფორმაციას, შეიძლება Uber Marketplace პლატფორმაზე სრულად ან ნაწილობრივ დაკარგოთ წვდომა. თუ გაქვთ Uber-ის ერთზე მეტი ანგარიში, მაგალითად, მგზავრისა და მძღოლის ანგარიში, საყოველთაო წესების დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს წვდომის შეზღუდვა Uber-ის ყველა ანგარიშზე. თუ თვლით, რომ თქვენს ანგარიშზე წვდომის დაკარგვა მოხდა შეცდომის გამო, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ Uber-ის მხარდაჭერის გუნდს.
Uber იღებს გამოხმაურებას სხვადასხვა არხით, სწავლობს თქვენი მხარდაჭერის გუნდის მიერ მოწოდებულ ანგარიშებს, რაც შეიძლება არ შეესაბამებოდეს ჩვენს საყოველთაო წესებს და ამიტომ შესაძლოა ეს სპეციალურმა გუნდმა გამოიძიოს. თუ ჩვენთვის ცნობილი გახდა პოტენციურად პრობლემატური საკითხის შესახებ, შეიძლება დაგიკავშირდეთ გასარკვევად. შეიძლება, ჩვენი შეხედულებისამებრ შევაჩეროთ თქვენი ანგარიშის მოქმედება ან უმოქმედო გავხადოთ, სანამ არ გავარკვევთ.
ჩვენი რომელიმე წესის გაუთვალისწინებლობის გამო შეიძლება Uber Marketplace პლატფორმაზე სრულად ან ნაწილობრივ დაკარგოთ წვდომა. ეს შეიძლება მოიცავდეს ჩვენი საყოველთაო წესების დარღვევასა და თქვენს გარკვეულ ქმედებებს Uber Marketplace პლატფორმის მიღმა, მათ შორის ინფორმაციას სხვა პლატფორმებიდან, თუ დავადგენთ, რომ ეს ქმედებები საფრთხეს უქმნის Uber-ს, ჩვენს თანამშრომლებს და კონტრაქტორებს, ან Uber-ის ბრენდს, რეპუტაციას ან ბიზნესს ზიანს აყენებს. და თუ ეს საკითხები სერიოზულია, მეორდება ან თუ უარს ამბობთ თანამშრომლობაზე, შეიძლება Uber Marketplace პლატფორმაზე წვდომა დაკარგოთ. ნებისმიერმა ქმედებამ, რომელიც უკავშირდება ძალადობას, არასათანადო სექსუალურ ქმედებას, შევიწროებას, თაღლითობას, დისკრიმინაციას, ცრუ, უკანონო ან სახიფათო საქმიანობას Uber Marketplace პლატფორმით სარგებლობისას, შეიძლება გამოიწვიოს Uber Marketplace პლატფორმაზე წვდომის დაუყოვნებლივი დაკარგვა. ამას გარდა, თუ საქმეში ჩართულია სამართალდამცავი ორგანოები, ჩვენ ვითანამშრომლებთ მათ გამოძიებასთან ჩვენი სამართალდამცველებთან ურთიერთობის წესების თანახმად.
ბევრი ქვეყანა, ქალაქი და აეროპორტი არეგულირებს გარკვეული მომსახურებების მიწოდებას, მათ შორის დამგზავრებას, Uber Marketplace პლატფორმაზე. თუ ჩვენ დავადგენთ, რომ თქვენი მძღოლის ან კურიერის ანგარიში არ შეესაბამება მოქმედ მარეგულირებელ მოთხოვნებს, შეიძლება საჭირო გახდეს, Uber Marketplace პლატფორმაზე წვდომა შეგეზღუდოთ.
და ბოლოს, მძღოლებსა და კურიერებს, ვისაც უნდა, რომ ისარგებლოს Uber Marketplace პლატფორმით, შეიძლება დასჭირდეთ სკრინინგის პროცესის გავლა, მათ შორის სატრანსპორტო საშუალების ისტორიისა და ბიოგრაფიული მონაცემების შემოწმება, თუკი ეს დასაშვებია. მძღოლი ან კურიერი დაკარგავს წვდომას Uber-ის ანგარიშ(ებ)ზე თუკი სატრანსპორტო საშუალების ისტორიის, კრიმინალური წარსულის ან სხვა სახის შემოწმებებით გამოვლინდა Uber-ის საყოველთაო წესების ან ადგილობრივი მარეგულირებლების მიერ განსაზღვრული სხვა კრიტერიუმის დარღვევა.
ჩვენი საყოველთაო წესების გასაცნობად, გადადით აქ.
მძღოლებსა და Uber Eats-ის მომხმარებლებს Uber-ისა და Uber Eats-ის პირობების გაცნობა შეუძლიათ აქ. მძღოლებსა და კურიერებს შეუძლიათ გაეცნონ Uber-თან გაფორმებულ ოფიციალურ ხელშეკრულებას აქ.
შენიშვნა: მძღოლები და კურიერები არ არიან Uber-ის თანამშრომლები ან აგენტები (რეალური, ფიქტიური ან სხვა). მძღოლები და კურიერები არ მოქმედებენ რაიმე უფლებამოსილების შესაბამისად (რეალური, ფიქტიური ან სხვა). ისინი წარმოადგენენ მესამე მხარეს — დამოუკიდებელ პროვაიდერებს. ↑